logo
ENG



"გამარტივებას არ წარმოადგენს" - პრეზიდენტი მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებს

21 ნოე 202321:18
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, სამოქალაქო პლატფორმა "შინ მომავლისთვის" პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებულ ადამიანებსაც და თქვა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უნდა მიენიჭოს.

"ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამას წინსწრებით ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ, ამაზე დიდი პროპაგანდა იქნება, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ცვლილებებით დიდი გამარტივება პროცედურების, არც არაფერი [გამარტივებულა]. [...] მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა, ეს არის ის, რომ ტესტირება რამდენჯერაც გინდათ შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური. ეს არის მთავარი ცვლილება.

მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ, არის ძალიან გაზრდილი. ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია ან ხედვა იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე. [...]", - თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, შეიტანონ პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოქალაქეობის მიღების პროცედურას გაამარტივებს.

"მე ამ ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტოო ცვლილებები. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ნამდვილი ცვლილებები, არსებითი ცვლილებები იყოს მიყვანილი ბოლომდე. მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც შეუძლია, რომ ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, რომ ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა", - თქვა პრეზიდენტმა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. პროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი, მათ შორის ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5-წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე გაიზარდა.

პროექტის მიხედვით, დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.


close დახურვა